საბერძნეთის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყლის მარეგულირებელი ორგანოს (RAAEY) პრეზიდენტი
კონსტანტინოს ციმარასი
კონსტანტინოს ციმარასი
საბერძნეთის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყლის მარეგულირებელი ორგანოს (RAAEY) პრეზიდენტი
პროფესორი კონსტანტინოს ციმარასი ამჟამად იკავებს საბერძნეთის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ორგანოს (RAAEY) პრეზიდენტის პოსტს. 2020 წლიდან იგი იყო RAAEY-ის საბჭოს წევრი, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ მართვას, მარეგულირებელ ზედამხედველობასა და ორგანიზაციის წარმომადგენლობას საერთაშორისო პლატფორმებზე. ის საბერძნეთს წარმოადგენს წამყვან ევროპულ და საერთაშორისო მარეგულირებელ ფორუმებზე .
პროფესორი ციმარასი ასევე გახლავთ WAREG-ისა და MEDREG-ის ვიცე-პრეზიდენტი, სადაც მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში კოორდინირებული მარეგულირებელი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებაში. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ევროკავშირის პოლიტიკის მონიტორინგის ზედამხედველობას, ტრანსსასაზღვრო მარეგულირებელ თანამშრომლობასა და ორმხრივ ინსტიტუციურ ურთიერთობებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში.
2002 წლიდან კონსტანტინოს ციმარასი აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში. იგი არის საჯარო სამართლის პროფესორი, რომლის სასწავლო და კვლევითი ინტერესები მოიცავს კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალს, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართალს, ევროკავშირის საჯარო ეკონომიკურ სამართალს და საჯარო სამართლის სხვა ფართო სფეროებს. პარალელურად, მას საჯარო სექტორში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2004–2009 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს, ხოლო 2012–2015 წლებში — ტურიზმის სამინისტროს იურიდიული მრჩეველი, სადაც იგი კურირებდა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.
მისი მმართველობითი და ინსტიტუციური გამოცდილება მოიცავს საბერძნეთის ღია უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრობას (2019–2024 წწ.) და ევროპის საბჭოსთან მრავალწლიან თანამშრომლობას დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მმართველობის ექსპერტის სტატუსით (2007–2018; 2023–დღემდე). კარიერის ადრეულ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილება დაკავშირებული იყო ისეთ საჯარო უწყებებთან, როგორიცაა სს „ინფორმაციული საზოგადოება“ (Information Society S.A.) და საბერძნეთის აუდიოვიზუალური არქივი, სადაც იგი ფოკუსირებული იყო ადმინისტრაციულ სამართალზე, სახელმწიფო შესყიდვებსა და ევროკავშირის სამართალზე.
„პროფესორი ციმარასი ფლობს პარიზის პირველი უნივერსიტეტის (პანთეონ-სორბონი) სამართლის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მას გავლილი აქვს პოსტსადოქტორო კვლევითი პროგრამები ტოლედოსა და ლისაბონის უნივერსიტეტებში, ისევე როგორც პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი არის ხუთი წიგნისა და ოცდაათზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, საერთაშორისო კონფერენციებზე კი წარდგენილი აქვს ოცდაათზე მეტი მოხსენება. ბერძნულის (მშობლიური ენა) გარდა, იგი თავისუფლად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს, ასევე ფლობს პორტუგალიურსა და იტალიურს.“