ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაციის (NERC) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
ჯეიმს ბ. რობი
ჯეიმს ბ. რობი
პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი
ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაცია (NERC)
ჯეიმს რობი არის ჩრდილოეთ ამერიკის ელექტროენერგიის საიმედოობის კორპორაციის (NERC) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი 2018 წლის აპრილიდან. ის ზედამხედველობს ჩრდილოეთ ამერიკის ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადობასა და უსაფრთხოებას, რაც NERC-ის უმთავრეს მისიას წარმოადგენს. პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის რანგში, ჯეიმს რობი ხელმძღვანელობს ელექტროენერგიის საიმედოობის ორგანიზაციას (ERO). ამასთანავე, იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ყველა საკვანძო პროგრამასა და ელექტროენერგიის ინფორმაციის გაზიარებისა და ანალიზის ცენტრზე (E-ISAC). იგი ასევე თავმჯდომარეობს ERO-ის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც კოორდინაციას უწევს იმ ექვსი რეგიონული სუბიექტის საქმიანობას, რომლებიც მხარს უჭერენ NERC-ის საიმედოობის მისიას ჩრდილოეთ ამერიკაში.
ჯეიმს რობი ERO-ს 2013 წელს შეუერთდა, როდესაც იგი დასავლეთის საერთო ენერგოსისტემის მომსახურე რეგიონული სუბიექტის - დასავლეთის ენერგოსისტემების საკოორდინაციო საბჭოს (WECC) პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
მას ენერგეტიკის სექტორში მუშაობის თითქმის 40 წლიანი გამოცდილება აქვს ინჟინრის, კონსულტანტისა და მაღალი რანგის ხელმძღვანელის პოზიციებზე. იგი დარგობრივი ღონისძიებების ავტორიტეტული მომხსენებელია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ელექტროენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაცია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ მზარდი კიბერსაფრთხეები, ცვლადი გენერაციისა და მაღალი დატვირთვების ინტეგრაცია და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საიმედოობის მზარდი ურთიერთდამოკიდებულება.
ჯეიმს რობი არის ელექტროენერგიის ქვესექტორის საკოორდინაციო საბჭოს (ESCC) წევრი. იგი გახლავთ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ენერგიის კომიტეტის მოქმედი წევრი და ხელმძღვანელობს სუფთა ელექტროენერგიის სისტემების ექსპერტთა ჯგუფს. სხვადასხვა დროს იგი არაერთი არაკომერციული ორგანიზაციის საბჭოს წევრი იყო, მათ შორის: აშშ-ის ენერგეტიკის ასოციაცია (USEA), ვედსვორტის ათენეუმის ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონის სიმფონიური ორკესტრი და სიეტლის ვუდლენდ პარკის ზოოპარკი. გარდა ამისა, იგი გახლდათ სან-ფრანცისკოს ყურის რაიონის ეკონომიკური ფორუმის მრჩეველი ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში.
ჯეიმს რობმა ქიმიური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი ინდიანას პერდიუს უნივერსიტეტში (Purdue University in Indiana) მოიპოვა, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი - პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლაში, ფილადელფიაში (Wharton School of Business at the University of Pennsylvania in Philadelphia).