ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (E-Control) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდიუმის წევრი
დიტმარ პრეინსტორფერი
დიტმარ პრეინსტორფერი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control)
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდიუმის წევრი
დიტმარ პრეინსტორფერი არის ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (E-Control) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. იგი ფლობს საერთაშორისო ენერგეტიკის სფეროში ფართო პროფესიულ გამოცდილებას.
პრეინსტორფერმა საუნივერსიტეტო განათლება დაასრულა გრაცის კარლ-ფრანცენსის უნივერსიტეტის (Karl-Franzens University) მაგისტრის ხარისხით და მაშინვე დაიწყო მუშაობა ავსტრიის პარლამენტში, სადაც მალევე დაწინაურდა და გახდა ავსტრიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე. ამ პერიოდში პრეინსტორფერმა, მყარი ეკონომიკური ცოდნის საფუძველზე, სპეციალიზაცია გაიღრმავა ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულებით და საბოლოოდ, მუშაობა დაიწყო E-Control-ში.
2002-2004 წლებში დაინიშნა სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციის (AIB) ვიცე-პრეზიდენტად და ხაზინადარად. ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოში (CEER) ეროვნული ექსპერტის სტატუსით მივლინების შემდეგ, იგი 2005 წელს დაბრუნდა E-Control-ში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დასაფუძნებლად.
მას შემდეგ, პრეინსტორფერი მუშაობს E-Control-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რაც მოიცავს ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა - ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ევროპელ მარეგულირეგელთა ელექტროენერგიისა და გაზის სამუშაო ჯგუფი (ERGEG), ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელთა საბჭო (ECRB), ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტო (ACER), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და სხვა პარტნიორები, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ დაძმობილების (Twinning) პროექტში ასრულებდა პროექტის ხელმძღვანელის ფუნქციას (www.e-twinning.at).
პრეინსტორფერი წარმოადგენს ავსტრიას ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) მარეგულირებელთა საბჭოში.